პარლამენტში დღეს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე სესიაზე მისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და ასევე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, კანონმდებლების კითხვები ძირითადად პანდემიას და მისგან მომდინარე გამოწვევებს შეეხება.

პარტიების „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, პლენალურ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის უმრავლესობა.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადების, მისი კითხვები საწოლფონდსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცესს შეეხება.

„მინისტრ ტიკარაძეს აუცილებლად მოვუსმენ, კითხვა ბევრი მაქვს, დაკავშირებული იქნება ამ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან, ჩვენი მოქალაქეების წუხილთან, რაც არის დაკავშირებული აცრებთან, უხარისხო ჯანდაცვის სისტემასთან, მათ შორის წამლების ფასებთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი ნეგატიურად აფასებს პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებს და მისი ერთ-ერთი კითხვა გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას შეეხება.

„ჩვენ გვექნება კითხვები კომენდანტთან დაკავშირებით და იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც ჯანდაცვის მოტივაციით არის დაწესებული. „გირჩი“ ალბათ არის ერთადერთი პარტია, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელიც რადიკალურად ნეგატიურად აფასებდა იმ ეკონომიკურ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიისგან გამომდინარე არის დაწესებული“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ჯანდაცვის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები მმართველ გუნდშიც. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიგი მიქანაძის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალპროფესიულად უძღვება პანდემიასთან ბრძოლას.

„ყურადღება გამახვილებული იქნება პანდემიასთან ბრძოლის საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად მაღალპროფესიონალურ დონეზე მობილიზებულია და ახორციელებს საერთო პოლიტიკას, რომლითაც სახელმწიფო მართავს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.