პარლამენტში დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ
პარლამენტში დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ.

დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ბრიფინგი მედიისთვის დახურული იქნება.

როგორც პირველ არხს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და საიდუმლო ინფორმაციაზე ისაუბრებენ.

სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პარლამენტის წევრების საინფორმაციო შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ორ თვეში ერთხელ ჩატარდება, რათა პარლამენტის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის შესახებ.

„ამ შეხვედრებს მიეცემა პერმანენტული ხასიათი, რაც ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურსა და პარლამენტს შორის ურთიერთობისთვის და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათ საქმიანობაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.