პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული მიღება გაიმართა
პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული მიღება გაიმართა

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში მიღება გაიმართა.

ღონისძიებას დეპუტატები და სასულიერო პირები, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე დელეგატები დაესწრნენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ მიღებაზე განაცხადა, საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ სამყაროში და ამას ​მოწმობს ქვეყნის ისტორია. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„კონფერენცია წარმომადგენლობითია. აერთიანებს 12 ქვეყანას, როგორც მეცნიერებს, ისე სასულიერო პირებს. კონფერენცია პარლამენტის მთავრობისა და საპატრიარქოს ორგანიზებით იმართება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობთ საზეიმო მიღებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მიღების პარალელურად, მოეწყო ფოტოგამოფენა – „საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“.