პარლამენტს დღეს საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება
პარლამენტს დღეს საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი ინიცირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„როგორც გახსოვთ, 4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩავატარეთ ბრიფინგი და გამოვაცხადეთ საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რაც თავის მხრივ იყო ჩვენს პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესრულების პირველი ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, ამ მემორანდუმს ასევე შემოურთდნენ „ევროპელი სოციალისტები“.

დღეს ჩვენ ვდგამთ მეორე ნაბიჯს და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც შემუშავდა სამუშაო ჯგუფში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

​შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს, როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.

„მოკლედ წარმოგიდგენთ იმ ძირითად სიახლეებს, რომლებსაც ეს საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს:

საარჩევნო სისტემა – გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ,თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხ პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ადმინისტრაცია – საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება რვა პროფესიული და ცხრა პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (ერთი პარტია ერთი წევრი),

საარჩევნო პროცედურები – დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა, აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა, აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

​შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე გაიზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები.

„შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა, შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.

საარჩევნო აგიტაცია/ადმინისტრაციული რესურსი – აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

ეს გახლავთ ის პუნქტები, რომელიც ფუნდამნეტურად შეცვლის ჩვენს საარჩევნო სისტემას და პროცედურებს.

მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. თუმცა ამისათვის სჭიროა რომ პარლამენტში მუშაობდეს დეპუტატთა ის რაოდენობა, 113 დეპუტატი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

​რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი პერიოდი, ვიდრე პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწაზე, გარდა ამისა პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.