პარლამენტს დეპუტატთა ეთიკის კოდექსის ახალი ვერსია წარედგინა

13:25, 28.05.2018

პარლამენტს დეპუტატთა ეთიკის კოდექსის ახალი ვერსია წარედგინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – ირინე ფრუიძის, კახა კუჭავას, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიასა და გუგული მაღრაძის მიერ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ეთიკის კოდექსის პროექტი, რომელიც ექვსი მუხლისგან შედგება, პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე არეგულირებს და იმ წესებს განსაზღვრავს, რაც კანონმდებელმა საქმიანობის დროს, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს.

ცვლილებებით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, ასევე სიძულვილის ენის გამოყენება.

ამასთან, პარლამენტის წევრი ვალდებულია, სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. ასევე პროექტით კონკრეტდება, რომ პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით.

ასევე, პარლამენტის თანამშრომელს ისეთ აქტივობებში ჩართვა არ უნდა დაევალოს, რაც მის სამუშაო აღწერილობას სცდება. ინიციატივით გათვალისწინებულია ეთიკის საბჭოს შექმნა, რომელიც პარლამენტის წევრის მიერ დარღვევებს შეისწავლის და მასზე მონიტორინგს აწარმოებს.

პროექტში ნათქვამია, რომ ეთიკის საბჭო საჩივარს ერთი თვის ვადაში განიხილავს და თუ დაადგენს, რომ კოდექსით ქცევის წესი დაირღვა, დამრღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია რეგლამენტის 286-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება იყოს: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება, ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან – მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით), საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

რეგლამენტის აღნიშნული პროექტი იმ ეთიკის კოდექსთან ერთად იქნა ინიცირებული, რომელსაც მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრაზე ჩააგდო. მაშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი ცვლილებების ინიცირება მოხდებოდა.

 

მსგავსი