პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა
პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. დადგენილების პროექტს კენჭისყრაზე 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განმარტებით, მასალები საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს, რაც დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოესწრებოდა. 

„სხადასხვა უწყებებიდან საკმაოდ დიდი ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი და ვითვალისწინებთ, რომ გადათვლის პროცესის, აგრეთვე გასაუბრებების შედეგად ორმოცამდე ადამიანთან საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა, ეს მასალა საჭიროებს საკმაოდ საფუძვლიან დამუშავებას. დიდი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა გარკვეული ნაწილი არის დარჩენილი. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის დადგენილებით, ამ კომისიის მანდატი მიმდინარე კვირაში, 17 ივლისს იწურება, შეუძლებელია, ამ პერიოდში მოხდეს ამ მასალის სრულფასოვნად დამუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა. ამიტომ, ჩვენი თხოვნაა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი თვით გადავადება მოხდეს, თუმცა აქვე შეგატყობინებთ, რომ სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის კომისია უკვე წარმოადგენს როგორც დასკვნას, ასევე დადგენილების პროექტს, რომელიც ბიუროს წარედგინება. შემდეგში ბიუროს გადასაწყვეტი იქნება, როდის ჩაინიშნება მოსმენა და უკვე დეტალური ანგარიშით, კომისიის წევრები შესაბამისი შედეგებით წარვდგებით თქვენ წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.