პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით 15 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულმა/გამოცემულმა სამართლებრივმა აქტმა ან განხორციელებულმა მოქმედებამ ან უმოქმედობამ სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს.

„კანონის მოქმედი რედაქცია გვეუბნება, რომ აუცილებლად ნორმატიული აქტი უნდა იყოს დარღვეული, რომ დავა განხილული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრობლემადაა დატოვებული საკითხი – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავა არსებობს კონკრეტულ ორგანოებს შორის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემის პროცედურულ მოწესრიგებას ემსახურება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, შემოთავაზებული ცვლილების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამდიდრებას, კომპეტენციებთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში და ის არ იქნება რაიმე ტიპის დასჯის მექანიზმი.