პარლამენტმა საგაზაფხულო სესიით მუშაობა განაახლა
პარლამენტმა საგაზაფხულო სესიით მუშაობა განაახლა

დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ირაკლი კობახიძის გამოსვლა ახალი რეგლამენტით პირველად ხდება, რითაც, როგორც პარლამენტში აცხადებენ, ახალი ტრადიცია მკვიდრდება საპარლამენტო ცხოვრებაში; ახალი კონსტიტუციითა და რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. სწორედ ამის დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.