პარლამენტმა „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატის ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.
აღნიშნულის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც კენჭი ეყარა.
პარლამენტის გამოკლებული წევრის, ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე ლევან მაჭავარიანია, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე – არჩილ გორდულაძე. ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლედ პარლამენტმა სალომე ჯინჯოლავა ცნო, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლედ – თორნიკე ბერეკაშვილი. მარიამ ქვრივიშვილს თორნიკე ჭეიშვილი შეცვლის. პაატა სალია ანრი ოხანაშვილის უფლებამონაცვლეა. მიხეილ ყაველაშვილს გიორგი გუგუჩია შეცვლის, ირაკლი ჭეიშვილი კი დავით სონღულაშვილის უფლებამონაცვლეა.
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.