პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამკტკიცა
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტში ცვლილებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტი კოლეგებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.
კერძოდ, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია 2027 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში – 2036 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი გაზის – ტარიფის დადგენის დროს განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.
„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.