პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.

კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს  მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების  განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება და საშულებას მისცემს, უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღოს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით   უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.

„სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ რეფორმით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას დანაზოგის   გაკეთებაში და მათთან ერთად სრულად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ვქმნით რეალურ საფუძველს, მოგვარდეს პრობლემები, რომელიც სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით არსებობს. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი  მიზანი. ასევე რეფორმას აქვს  დადებითი ეკონომიკური გავლენა“, – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მიქაბაძის შეფასებით, კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მკვეთრი ბიძგია.

„ეს  არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, განახორციელოს ახალი პროდუქტიული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებულ საპენსიო სისტემას სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი  ნაკლოვანებები აქვს. დაგროვებითი პენსია კი, სისტემის შემავსებელი სვეტი იქნება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან გამოწვევას, ღირსეული პენსიით უზრუნველყოფას უპასუხებს.