პარლამენტის ყოფილ დეპუტატთა ჯგუფი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
პარლამენტის ყოფილ დეპუტატთა ჯგუფი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის ყოფილ დეპუტატთა ჯგუფი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ხელმომწერი პირები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა.

„გვსურს, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს, როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე. უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას“, – აღნიშნულია თამარ ჩუგოშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების ერთი ჯგუფი აწერს ხელს.