პარლამენტის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი. დეპუტატებმა მწუხარება გამოთქვეს დაღუპულთა გამო და ელჩს მიუსამძიმრეს.

„დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის ხალხის მიმართ. ვთქვით, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. პატივი მივაგეთ დაღუპული ადამიანების ხსოვნას. განსაკუთრებით აღვნიშნეთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული ორივე მხრიდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ზაზა ლომინაძემ, ბექა ოდიშარიამ, ხატია წილოსანმა და გელა სამხარაულმა.

პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი და ხატია წილოსანი ასევე შეხვდნენ საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს.

ელჩმა დეპუტატებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ელჩმა გაგვაცნო ისრაელში არსებული სიტუაცია და მიმდინარე მოვლენები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მუდმივ კავშირზე ვიქნებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.