პარლამენტის უფრაქციო წევრთა მიერ მომზადებულ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს ავტორები უკან გაითხოვენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პარლამენტის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ.
„ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების, სამხედრო ტექნიკის მობილიზებას და რეალურად ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირდაპირ მუქარას. რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო მოქმედებების პოტენციური მასშტაბით, უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისი, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ფართო შავი ზღვის რეგიონს და ევროპის უსაფრთხოებას. შესაბამისად, დღეს საქართველოს მიერ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისთვის არამედ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ვინაიდან, რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას არამედ, ემუქრება საქართველოს.
რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რუსეთი ჩვენს გარეშე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი – რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამით ის პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. გვესმის, რომ არც პოლიტიკური მზაობა და არც რესურსი არსებობს იმისა, რომ ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.