პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დროებით თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს 
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დროებით თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს 

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დროებით პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს. პარლამენტის სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განსაზღვრულია რეგლამენტით.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძემ შეცვლის.