პარლამენტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ
პარლამენტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.