პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა
პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ორი მონაწილე პარლამენტის შენობასთან გადავიდა, სადაც მათი აქციის მონაწილე რამდენიმე მოშიმშილე იმყოფება.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების გამოჩენას „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა.

ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მანამდე ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გადავიდა.

როგორც მათთან გასაუბრების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მათ შორის გადაკვეთის გარკვეული წერტილები არსებობს, თუმცა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს გარკვეულ საკითხებზე კითხვები და განსხვავებული პოზიცია აქვთ.