პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის დაბარების საკითხთან დაკავშირებით კამათი იყო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი იყო. კამათის მიზეზად საგარეო საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხი იქცა. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ზაფხულში, ფრაქცია „ლელომ“ საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის მისვლა მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით, ვინაიდან ის ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სხდომის გადადება ითხოვა, თუმცა კომიტეტმა მინისტრის მისვლის საკითხი საერთოდ გააუქმა.
„ამერიკაში ვიყავი და გადაგავადებინეთ ზალკალიანის მოსვლა. მერე აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. მოთხოვნა გასულ კვირაში მოგაწოდეთ თავიდან და პასუხი არ მიგვიღია. ფორმალობა უნდა იყოს კომიტეტის მუშაობა, მას რა დანიშნულება აქვს, რომელიც რუტინულად იკრიბება? გადადების მოთხოვნით მოგმართეთ და არა მისი მოსვლის გაუქმებით. მინისტრი სადაა? – ფიქციაა კომიტეტის მუშაობა. კვირის ბოლოს ველოდებით პასუხს, როდის მოვა ზალკალიანი იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა. წერა-კითხვა ხომ იცით? გადავდოთ სხდომა, ვთქვით და არ გავაუქმოთ? რას მალავთ ზალკალიანს, გეშინიათ ტირილი არ დაიწყოს“, – მიმართა სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რომ ზაფხულშიც კომიტეტში ფრაქციის წერილი შევიდა იმის თაობაზე, რომ კომიტეტის სხდომა გადადებულიყო და ახლა სამადაშვილს კომიტეტის მიმართ აქვს პრეტენზია.
„კომიტეტის სხდომა თქვენივე მიზეზით გადაიდო, თქვენ არ გეცალათ. წერილი გაჩვენოთ? – კითხვა ხომ იცით რეგლამენტის, თქვენი წერილი ახლა ფრაქციის თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე შემოვიდა და რეგლამენტის მიხედვით მოგვმართეთ. სირცხვილია, როცა რეგლამენტის დაცვას ფიქციას უწოდებთ. თუ რეგლამენტს ვერ კითხულობთ, სჯობს, კონსულტაცია წინასწარ გაიაროთ აპარატთან. არ გინდათ დემაგოგია. სირცხვილია, როცა თქვენივე მიზეზით გადადებულ სხდომაზე ამბავს ტეხავთ. შემოიტანეთ მოთხოვნა რეგლამენტის დაცვით“, – მიმართა სამადაშვილს სამხარაძემ.