პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მოითხოვა, რომ კომიტეტებმა 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ასევე ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტი შეაფასონ.

„რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ მათი გადაადგილების. ტრაექტორია იცოდნენ. ჩვენ ვთვლით, რომ სუს-მა მიაწოდა ეს ინფორმაცია. ესენი იყვნენ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები“, – მიმართა ბოკუჩავამ ოდიშარიას.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბოკუჩავას საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშის დაწვა არის ვანდალიზმი და თავხედური მცდელობა, რომ საქართველოს წინსვლა შეფერხდეს.

„ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობდა ეს მოვლენები, ეს იყო საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და საქართველოს სამოციქულო ეკლესია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

თინა ბოკუჩავასა და ბექა ოდიშარიას კამათში დეპუტატი ნონა მამულაშვილიც ჩაერთო.

კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, რაც პოლიტიკურ მხარეებს შორის ისევ კამათის მიზეზია.