პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

პლენარულ სხდომამდე, 11:30 საათზე ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც დღის წესრიგს ის საკითხები დაემატება, რომლებიც სესიამდე საკომიტეტო მოსმენებზე განიხილება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.

კუჭავას თქმით, 22 ივლისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ხელახლა უყრიან კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან გია ცაცაშვილი და ლელა ტალიური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანია და მაია ზარიძე. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

„კენჭსაყრელი საკითხები ხელმეორედ იქნება წარმოდგენილი. განსახილველ საკითხებს არაფერი ახალი არ დაემატა და იგივე დღის წესრიგი იქნება, რაც გვაქვს. ხუთშაბათის ბიუროზე კიდევ ერთხელ დაზუსტდება საკითხები. მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ბიუჯეტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ 23 ივლისამდე მოვასწროთ განხილვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ხვალ გაიმართება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ 22-ში სესიისთვის განხილვა მოეწყოს. შესაბამისად, ხვალ შემაჯამებელი სხდომაც გვექნება გადამუშავებულ ვერსიაზე. განხილვა იქნება და აქედან გამომდინარე მოთხოვნილი გვაქვს, როგორც სახელმწიფო აუდიტის, ასევე ეროვნული ბანკის დასკვნები. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. აქედან გამომდინარე, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე შემოსავლების და ასიგნებების ნაწილი ბიუჯეტში უცვლელი რჩება“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ.

დატოვე კომენტარი