პარლამენტის სხდომაზე ირაკლი კირცხალია და გიორგი შარაშიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

12:54, 27.10.2026

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი შარაშიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის ცხარე კამათის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა იყო.

პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა, თუ რატომ მოითხოვა მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე მიზეზს შორის დაასახელა ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟი, რევოლუციებისა და გადატრიალების მცდელობა.

ირაკლი კირცხალიას გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პარტია ითხოვს იმის დაზუსტებას, თუ რაში ედება ბრალი. შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ პირადი შურისძიებით მოქმედებს და მმართველ გუნდს ქვეყანა დიქტატორულ ჭაობში მიჰყავს.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათის დროს, ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს აგენტები უწოდა და მიმართა: „უნდა გრცხვენოდეთ“.

მსგავსი