პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს

​პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დახურული ფორმატის შეხვედრაზე მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს ის ინფორმაცია გააცნო, რომელიც 2015-16 წლებში სამინისტროს მხრიდან საიდუმლო შესყიდულ შესყიდვებს უკავშირდება.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა პრობლემატურად მიიჩნია და ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა. თავად სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არის დახურული ტიპის ობიექტები, პენიტენციური დაწესებულებები და ბუნებრივია ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ იმ საკითხს, რომელმაც შესაძლოა ჯანმრთელი პატიმრის უსაფრთხოებას შეექმნას პრობლემა“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

მინისტრმა საიდუმლო შესყიდვების ნუსხაც განმარტა და აღნიშნა, რომ ასეთ კატეგორიებს კვება, მომარაგება და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

ამასთან, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა მიმართულებების მსგავსად, შესყიდვების კუთხითაც წარმატებული შედეგი დაიდება.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი გამოირჩევა რეფორმატორული მიდგომებით და მივესალმები, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მინისტრს გააზრებული აქვს სწორი პოლიტიკა შესყიდვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ახასიათებს თავისი სპეციფიკა და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. აქედან გამომდინარე ის რეფორმები და გეგმები, რაც მინისტრს გააჩნია, რომ შესყიდვებთან მიმართებაში გაუმჯობესდეს ადმინისტრაციული მმართველობა და ასევე იყოს ძლიერი კონტროლის მექანიზმები, ეს მას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს“,  – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნდობის ჯგუფის წევრის განცხადებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს მომავალი განვითარების შესახებ და მათ შორის, სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებთან დაკავშირებით, სწორი ხედვა აქვს.