პარლამენტის მიმდებარედ აქციის დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა
პარლამენტის მიმდებარედ აქციის დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. ორი სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, სამი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო.

„ჩვენ ვითხოვეთ დრო მტკიცებულებების მოპოვებისთვის. დღეს არაფერი გადაწყვეტილება არ მიღებულა სასამართლოში. მოვაგროვებთ მტკიცებულებებს და დავასაბუთებთ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. პოლიციამ იმოქმედა კანონის დარღვევით. ის, რომ კარვის დადგმა არ შეიძლება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა“,- განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ, რომლის დაცვის ქვეშ მყოფების პროცესი გადაიდო.

აქტივისტები დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს. მათივე თქმით, აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი და გაშალონ კარავი.

„ჩვენ დავდგით კარავი და პოლიციელებს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ნებისმიერ ადამიანს პროტესტის გამოთქმის უფლება, გრძელვადიანი პროტესტის უფლება, სადაც გვჭირდება კარავი. ერთი კარავი ჩვენ წინ დადგა ადამიანმა, რომელსაც გავრილოვის ფოტო ჰქონდა და პოლიცია არ შეეხო. როცა ჩვენ მოვიტანეთ კარავი და დავდგით, შეგვათრიეს მანქანებში ძალიან არაჰუმანურად. ღარიბაშვილის ხელი აშკარად ეტყობა ამ პოლიციას. გვაქვს კონსტიტუციური უფლება, რომელსაც გვიზღუდავს სახელმწიფო“,- განაცხადა ნიკა ნარსიამ.

დატოვე კომენტარი