პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება, სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება, სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს

სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებია განთავსებული, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს.

მისივე თქმით, გადწყვეტილება აქციის მონაწილეების უსაფრთხოების გამო მიიღეს.

რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ კვლავ გადაკეტილი რჩება. ავტომანქანები ქაშუეთის ეკლესიამდე და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობენ.

პარლამენტის შენობის წინ რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებმაც ადგილზე, კასრებში ცეცხლი დაანთეს. გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე კარვები და ხის კონსტრუქციებია განთავსებული.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში მთელი ღამით დარჩება. მათივე თქმით, 24-საათიან რეჟიმში აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი