პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინეს
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობის მომართვა გვაქვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
ბიუროს სხდომაზე წარდგენისა და დარეგისტრირების შემდეგ, საკითხი კენჭსაყრელ საკითხებს დაემატება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საქართველოს პარლამენტი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დატოვა.
დიმიტრი ხუნდაძე ერთხელ უკვე იკავებდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ის ამ პოზიციაზე მერვე მოწვევის პარლამენტში 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი ის აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე იყო.