პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკომიტეტო მოსმენა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს კომიტეტში წარმოდგენილმა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს.

მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე დეტალი, რომლებიც შედეგზე გავლენას იქონიებს, განსახილველი დარჩა.

პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

ცვლილებებს ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, მანამდე კი, ოთხშაბათს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

„იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ ამბიციური საარჩევნო რეფორმა. ეს საარჩევნო რეფორმა რომ რეალობად იქცა, დასტურდება იმითაც, რომ კომიტეტში წარმოდგენილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რეალურად მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს. ამით დასტურდება, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციები თანხვედრაშია, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ევროპული დოკუმენტის სულისკვეთებას არ იზიარებს. გვაქვს ამბიცია, რომ ამ რეფორმით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები და ეს. რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მთლიანობაში როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ისე გამჭირვალობის უფრო მეტად გაზრდას. არის გარკვეული საკითხები, ძირითადად პროცედურული საკითხები, სადაც ვტოვებთ სივრცეს, რომ პლენარულ სხდომაზე ვიდრე განვიხილავთ ამ საკითხს, ვიმსჯელოთ და დავაახლოოთ პოზიციები, თუ ამის რესურსი იქნება. მაშინ, როდესაც სხვა ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ამბიციურ რეფორმას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ეს არის მათი რეალური სახე, როდესაც ისინი, ერთი მხრივ, საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა, სადაც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, იქ უკვე რეალურად მხარს არ უჭერენ. ამით მკაფიოა, რომ ეს ხალხი არ არის ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მომზადებული ცვლილებებით ოქტომბრის არჩევნები ბევრად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდება.

„მეორე მოსმენით მივიღეთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შექმნილა. ამ ცვლილებების თანახმად, არჩევნები, რომელიც არის ოქტომბერში, იქნება ბევრად უფრო გამჭირვალე, ბევრად უფრო გასაგები და რაც მთავარია, დემოკრატიული. ჩვენ მოქალაქეებს არ ექნებათ ის კითხვები, რაც ჰქონდათ აქამდე. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნების დროს იმ მექანიზმების განხორციელებას, რომლებიც აქამდე არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს მომავალ კვირას ექნება სრული მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. არის დეტალები, რომლებიც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ეს დეტალები არ არის უფრო მეტი, ვიდრე კანონპროექტი, ამიტომ ყველა დეპუტატის გადასაწყვეტია, დეტალებს ურჩევნია, რომ გაჰყვეს, თუ გაიზიაროს ის სულისკვეთება, რაც კანონპროექტში არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე ოპოზიციური პარტიები ვართ შეთანხმებულები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.