პარლამენტის ბიუროზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება მოხდება. ცვლილებების ავტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, ინიციატორი კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით აღარ მოხდება, შესაბამისად, აღარ არსებობს ჩანაწერი ამ არჩევნების კვირა დღეს გამართვის შესახებ, რაც კანონპროექტში აისახება.

პროექტში ნათქვამია, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებული იქნება, ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე, კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბანი შეიქმნება არანაკლებ 50 ამომრჩევლისთვის, ნაცვლად არანაკლებ 20 ამომრჩევლისა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივის გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი, დაზუსტებული ვერსიები გადაეცემათ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა. ხოლო, იმ ამომრჩეველთა სიის გადაცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან, განხორციელდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა, ნაცვლად კენჭისყრამდე ოთხი დღისა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აიკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების
წარმომადგენლების იმავდროულად ადგილობრივ დამკვირვებლებად დანიშვნა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივაში ნათქვამია, რომ გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას პარტიული სიებისა და კანდიდატების საბუთების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის.