პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალ გენერალურ მდივანს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალდანიშნული გენერალური მდივანი, ტიგრან გალსტიანი იმყოფება.
გალსტიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულ ზამთრის პირველი აკადემიის გახსნას დაესწრო და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ეწვია.
სომეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე, გივი მიქანაძემ ტიგრან გალსტიანს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და საზედამხედველო კონტროლის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
სტუმარი საქართველოს ახალი კონსტიტუციისა და განახლებული რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, უშუალოდ პარლამენტის აპარატში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. გივი მიქანაძემ სომეხ კოლეგას მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი საპარლამენტო საქმიანობაში უფრო მეტი ჩართულობის მიზნით, უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო და ასევე ისაუბრა პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერების კუთხით ჩატარებულ აქტივობებზე, შიდა ტრენერების გადამზადებასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობაზე.
პარლამენტის აპარატის უფროსი კვლევითი დეპარტამენტის გაძლიერებისა და რეფორმირების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განახლებული კვლევითი ცენტრი ახალი ფორმატით ოპერირებას პირველი აპრილიდან განახორციელებს.
გივი მიქანაძემ შეხვედრის დასასრულს ტიგრან გალსტიანს და მის თანმხლებ დელეგაციას პარლამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი სერვისების დანერგვის მიზნით, პარლამენტის შენობაში განხორციელებული სამუშაოები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას, ტიგრან გალსტიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების მიზნით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტების აპარატებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.