პარლამენტის აპარატის უფროსი - მაკო გომურს პარლამენტში სხდომაზე დასწრების მოთხოვნით არ მოუმართავს
პარლამენტის აპარატის უფროსი - მაკო გომურს პარლამენტში სხდომაზე დასწრების მოთხოვნით არ მოუმართავს

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მაკო გომურის მიმართვა, დასწრებოდა პარლამენტში სხდომას, არ ყოფილა.

ამასთან, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ზოგადად, საშვთა სისტემა დღეს არ შეზღუდულა, რამდენიმე დღეა, შეზღუდულია და მიზანია, მთავრობის მოსმენები კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

„პარლამენტის აპარატმა გადაამოწმა, იყო თუ არა ქალბატონი მაკო გომურის მომართვა, რომ დასწრებოდა ამ სხდომას და დაფიქსირდა, რომ ასეთი მომართვა არ ყოფილა. შესაბამისად, აქ პასუხი გაცემულია და საკითხი ამოწურულია.

რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელზეც ყურადღება არის გამახვილებული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტის შიდა პერიმეტრზე და მიმდებარე ტერიტორიაზე რეგულირდება უსაფრთხოების ზომები და რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამ ბრძანებით, არის 19 პრიმა მუხლი, რომელიც იძლევა საშუალებას, როდესაც არის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებული არის უსაფრთხოების მიზნებთან, ასევე შესაძლო პროვოკაციების პრევენციასთან, მოხდეს საშვთა სისტემის შეზღუდვა და გადაწყვეტილებები დასწრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ხასიათს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი. ეს საშვთა სისტემა დღეს არ შეზღუდულა. უკვე რამდენიმე დღეა, არის შეზღუდული და ამის მიზანი არის ის, რომ მთავრობის მოსმენები, რომლებიც მიმდინარეობს საკომიტეტო და დღეს უკვე ფრაქციების ფორმატში, მიმდინარეობდეს კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებული იყო, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას მათ არ აძლევდნენ. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.