პარლამენტი საშემოდგომო სესიას 4 სექტემბერს გახსნის
პარლამენტი საშემოდგომო სესიას 4 სექტემბერს გახსნის

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

დეპუტატები საშემოდგომო სესიას 4 სექტემბერს, ბიუროს სხდომით თბილისში მდებარე პარლამენტში გახსნიან, 5 სექტემბრიდან კი, პლენარული სხდომები ქუთაისში იქნება მოწვეული.

იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე წარმართავს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში კი მუშაობას შეწყვეტს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებს, კანონმდებლებს რეგლამენტის ახალი პროექტის დამტკიცება და რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევთ. მათ შორის, უზენაესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს დახურავს.