საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მმართველ გუნდთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.
„საკონსტიტუციო ცვლილებები გათვალისწინებული იყო მიშელის დოკუმენტით. პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით ხელისუფლებასთან. იყო საკითხი, რომელსაც ითხოვდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების მიერ არ იქნა გაზიარებული. ახლა მოხდება ინიცირება ამის, შეიქმნება ჯგუფი და საყოველთაო გაცნობისთვის ერთთვიანი ვადა დაგვჭირდება. ცვლილება ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, დროებითად, ორი არჩევნების პირობებში ოთხი კაცისგან შემდგარი ფრაქციების შესაძლებლობას და ასევე, გენერალური პროკურორის ოპოზიციასთან კონსენსუსით არჩევის შესაძლებლობას“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.
19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ორპროცენტიანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე შემცირდება ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა და შვიდის ნაცვლად, ოთხი კანონმდებლის გაერთიანებაც საკმარისი იქნება, ასევე შეიცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. სამივე საკითხს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება.
„მნიშვნელოვანი არის, რადგან მცირე პარტიებს არ აქვთ დიდი მხარდაჭერა, ორ პროცენტზე მეტ ამომრჩეველს საშუალება ექნება, რომ წარმოდგენილნი იყვნენ ეს მოქალაქეებიც პარლამენტში და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, პარტიული დემოკრატიის გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ ორი არჩევნების შემდეგ, პარტიები შეძლებენ თავისი თავის დამკვიდრებას იმდაგვარად, რომ შედარებით უფრო მაღალი ბარიერი უკვე საკმარისი იქნება და გამოცდილებაც გვაჩვენებს, როგორ იმუშავებს ორპროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.