პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს
პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა დღეს იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება.

წარდგენილი კანდიდატები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან. ოპოზიციური პარტიები წარდგენილ კანდიდატებს სწორედ ამ არგუმენტით უცხადებენ უნდობლობას.

„წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი წარმოდგენილნი არიან თვითონ სისტემის მიერ და ვერ მოხდა ფართო კონსენსუსის გზით ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარმოდგენა, თუმცა ამ ადამიანებს არ ვიცნობ და ახლა მათ პროფესიონალიზმში შეიძლება, ეჭვი არც შევიტანო, რადგან დიდი ხანია, მუშაობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, ვის მიმართაც იქნება ფართო საზოგადოებრივი და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შესარჩევი კონკურსი გამჭირვალედ და ობიექტურად წარიმართა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტშიც გამჭირვალე იქნება.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზრუნველყოფილი იქნება გასაუბრების პროცესის გამჭირვალობა და ინკლუზიური სტანდარტის წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თითოეული კანდიდატის კომპეტენცია და გამოცდილება საარჩევნო ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასევე თანამედროვე სტანდარტებთან მათი სიახლოვე და განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორ ხედავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროცესებში თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.