პარლამენტი „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პარლამენტი „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მომზადების ერთ-ერთ მიზნად ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერება და მათი პროფესიული გარანტიების გაზრდა სახელდება.

ცვლილებების ინიცირება რამდენიმე კვირის წინ მოხდა, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან. დეპუტატები პროექტს 7 ნოემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

პროექტის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალს შემდეგი პრინციპები ემატება: სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა.

ცვლილებების თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების მოთხოვნები შეასრულოს. ასევე, პროექტით, ადვოკატი ვალდებული იქნება, კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია) არ გაამჟღავნოს.

ამას გარდა, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი, როგორც განზრახ მძიმე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ადვოკატობის მსურველთათვის გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. ასევე, ცვლილებებით განისაზღვრება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირთა წრე და პროცედურა.