პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტების გაიაფება წლის ბოლომდე იგეგმება 
პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტების გაიაფება წლის ბოლომდე იგეგმება 

წლის ბოლომდე პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა, გაიაფდეს, – ამის შესახებ პირველ არხს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელიც პარალელურად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ააიპ „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ გამგეობის ხელმძღვანელია.

მარგველაშვილის თქმით, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტების გაიაფება ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება.

„რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო ფარმაცევტულ სფეროში მოღვაწე მედიკამენტების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს კარი ღიაა და ყველანაირ წინადადებას განიხილავენ, რომელიც კერძო ფარმაცევტული კომპანიებიდან წამოვა მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სამინისტროს ამ პოზიციის გამო სფეროში მომუშავე ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, ამ სოციალურ პროექტში მიეღო მონაწილეობა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ჩვენმა ასოციაციამ და ჯი-ემ-პიმ (GMP) დავაფუძნეთ არაკომერციული ორგანიზაცია, ააიპ, რომლის მიზანიც ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გავზარდოთ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე სახელმწიფოს მოსახლეობისთვის. ჩვენი აქტივობა გამოიხატა იმაში, რომ დავიწყეთ მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან. ეს კომპანიები არიან, როგორც ასოციაციის წევრი ისე არაწევრი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ლაპარაკია იმ ფარმაცევტულ კომპანიებზე, რომელთა პროდუქციაც საქართველოს ბაზარზე იყიდება და მოსახლეობაში ყველაზე მოთხოვნადია.

„დავიწყეთ მოლაპარაკება იმ კუთხით, თუ რა არის საჭირო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა მედიკამენტებზე მოსახლეობისთვის ფასი შემცირდეს. ასევე, ჩატარდა კვლევა, რომ სწორად შეგვერჩია საჭირო მედიკამენტები და მათი ოდენობა. ამ ეტაპზე, შეირჩნენ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები და მათთვის აუცილებელიო მედიკამენტები.

რაც შეეხება იმას, რა არის მიზეზი და რა ინტერესი აქვთ კომპანიებს, რომ მედიკამენტებს ფასი დააკლონ, არის ის, რომ პირველ რიგში, მათ აქვთ კორპორატიული, მოსახლეობის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის მათი კეთილი ნების ნაბიჯი, რომ მოსახლეობას რომელსაც არ აქვს ამდენი საშუალება, რომ წამლებში დახარჯოს ამდენი თანხა ფასი შეუმცირდეთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ კომპანიას რაღაც წამალი კონკრეტული რაოდენობით აქვს გასაყიდი მას ფული ეხარჯება ამ წამლის მარკეტინგსა და რეკლამირებაზე. ამ შეთანხმებით კი ეს ხარჯი ეხსნებათ. ასევე, ფასის დაწევაზე მნიშვნელოვანია დისტრიბუტორების ჩართულობა ყოველგვარი მოგების გარეშე. ამ შემთხვევაშიც იგივე თემაა. დისტრიბუტორებიც იზიარებენ პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე და ეს არის მათი კეთილი ნება, რომ ამ პროექტში ჩაერთონ და ეს მედიკამენტები ყოველგვარი მოგების გარეშე მიაწოდონ მოსახლეობას. ძირითადად ეს კომპონენტებია, რომელიც პრინციპში, არ არის უნიკალური, რადგან ბევრ ქვეყანაში ხორციელდება ასეთი ტიპის პროექტები, ახლა მოვიდა დრო, რომ საქართველოშიც განვახორციელოთ მით უმეტეს, რომ ამაში სახელმწიფოს დიდი სურვილია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან უახლოესი გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ნაბიჯებს დგამენ.

„მიდის შერჩევა, კიდევ რომელი მედიკამენტები უნდა იყოს შემდგომი ეტაპისთვის შერჩეული. არის ორი ძირითადი კომპონენტი: მედიკამენტები, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე მეტად მოხმარებადია, მოთხოვნადია და მეორე ამ ყველაზე მეტად მოხმარებადი მედიკამენტების სიაში რომელია ისინი, რომელიც მოსახლეობის ჯიბეს ყველაზე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს. აქიდან გამომდინარე, შემდეგ იწყება მოლაპარაკება იმ ძირითად მწარმოებლებთან, რომლებიც ამ მედიკამენტებს აწარმოებენ. უახლოესი გეგმები უკავშირდება მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს – ეს არის ქრონიკულ დაავადებათა ყველაზე დიდი ჯგუფი და ამაზე მინისტრმა დღეს ისაუბრა. ჩვენ შევეცდებით ამ დაავადების სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტების რაოდენობა და მოსახლეობის მათზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდეს. პარალელურად, მუშაობა მიდის ისეთ მნიშვნელოვან დაავადებებზე, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადებები. მასზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. გვინდა, რომ მთელმა მოსახლეობამ იგრძნოს სხვადასხვა დოზით მედიკამენტების გაიაფება, რადგანაც პენსიონერებისთვის და სოცდაუცველებისთვის კიდევ უფრო იაფი უნდა იყოს ეს მედიკამენტები. მაგრამ დანარჩენმა ადამიანებმაც უნდა იგრძნონ ეს გაიაფება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ააიპ-ის კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ რადგანაც მასში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად არის, ძალიან მარტივდება მოქმედება და რეაგირება.

„ვცდილობთ, ეს ორივე გეგმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა, პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტების გაიაფება მოხდეს წლის ბოლომდე. ვმუშაობთ ინტენსიურად, ჩართულები არიან სპეციალისტები. უნდა მოვილაპარაკოთ კომპანიებთან. შემდეგ დაველოდებოთ მათ მიერ შემოთავაზებულ ფასს. ჩემი მოსაზრებით, ეს ყველაფერი წლის ბოლომდე მოსწრების კუთხით სავსებით რეალურია, განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.