პარიზში უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრთა შეხვედრა მიმდინარეობს, კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებენ
პარიზში უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრთა შეხვედრა მიმდინარეობს, კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებენ

საფრანგეთის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ წევრთა შეხვედრა დაიწყო.

როგორც მოლაპარაკებების დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებენ.

ამ განცხადების შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

როგორც ცნობილია, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნების ლიდერებიდან იმყოფებიან ბელგიის, ნიდერლანდების, დანიის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრები და ფინეთის პრეზიდენტი. მოლაპარაკებებს ასევე ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. პარიზშია უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთვებიან ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპის ოცამდე სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ბრიტანეთის მთავრობის მეთაური კირ სტარმერი. ასევე, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სხვა მეთაურები. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრებიც.

როგორც მოსალოდნელია, შეხვედრის მონაწილეებთან ჰიბრიდულ რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.