პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს [ვიდეო]

22:27, 08.10.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ცნობით, ბასტილიის მოედანზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გზას კეტავდნენ, ხელკეტები გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაპირისპირება მოხდა ქალაქ რენეშიც, სადაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამასთან, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში პოლიციის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროსა და ბორდოს პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიღბიან პირთა ჯგუფმა პოლიციის განყოფილების მთავარი შესასვლელის წინ ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის დანარჩენ ნაწილზე გავრცელდა, მოგვიანებით კი ლოკალიზება მოხდა და სამ პოლიციელს ცეცხლისგან თავის დასაღწევად საგანგებო გასასვლელის გამოყენება მოუწია.

მსგავსი