პარიზში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ [ვიდეო]

22:03, 31.10.2026

პარიზში პოლიციამ აქციის მონაწილეების ჩხრეკა დაიწყო. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, შესაძლოა, ჰელოუინის კოსტიუმები და ნიღბები ვინაობის დასამალად და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენონ. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი საპროტესტო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ, შესაძლოა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს 300 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათივე ცნობით, მხოლოდ პარიზში დაახლოებით 70 000 ადამიანი შეიკრიბა.

ამასთან, პროტესტის ორგანიზატორების შეფასებით, დღეს აქციის მონაწილეთა რიცხვი გაცილებით მაღალი იყო.

მსგავსი