პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო

23:21, 26.09.2026

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო. მესის დაწყებამდე რომის პაპმა სპეციალური ავტომობილით შეკრებილ ხალხს შორის გაიარა და იმ მოედნამდე მივიდა, სადაც მესისთვის სპეციალური სცენა იყო მოწყობილი.

გარდა ამისა, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვერ შეძლებდა. შეკრებილებისთვის მიმართვისას რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა მათ სიმამაცისა და რწმენისთვის. მან ასევე მოუწოდა კათოლიკეებს, საკუთარ რწმენაში არ ჩაიკეტონ: „დაე, რწმენა თქვენში სავსე იყოს, რათა მათ, ვისაც შეხვდებით, შეძლონ წყურვილის მოკვლა“, – განაცხადა რომის პაპმა.

25 სექტემბერს დაწყებული ლეო XIV-ის ვიზიტი საფრანგეთში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია. მაშინ კათოლიკურ ეკლესიას ბენედიქტ XVI ხელმძღვანელობდა.

მედიის ცნობით, პაპი საფრანგეთში ოთხი დღის განმავლობაში დარჩება. 26 სექტემბერს დაგეგმილი მესის გარდა, მან წინა დღეს უკვე ჩაატარა საღამოს მსახურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და ახალგაზრდებთან ერთად დიდი ლოცვითი ღამისთევა.
რომის პაპი ასევე აპირებს ლურდის ღვთისმშობლის სახელობის საკურთხევლის მონახულებას და ქალაქ მეცში ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლას.

მსგავსი