პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, არიან დაშავებულები

17:04, 29.11.2026

პარიზში, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდულ ყრილობაზე შეტაკებები მოხდა, დაკავებულია ჩვიდმეტი პირი, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ცნობით, ვენსენის ტყეში, პარტიულ ყრილობაზე, სადაც მარინ ლე პენი გამოდიოდა სიტყვით, დაახლოებით 600-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. პოლიციას ჩარევა მას შემდეგ მოუწია, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ღონისძიების მონაწილეთა მიმართულებით 60-მდე ბალაკლავით შენიღბული პირი გადაადგილდებოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მათ ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟებს სხვადასხვა საგანი ესროლეს. ასევე, შეურაცხყოფას აყენებდნენ „ეროვნული გაერთიანების“ აქტივისტებს.

სამართალდამცველებმა სულ ჩვიდმეტი პირი დააკავეს. მათგან სამს ბრალი ედება ჯგუფურად სამართალდამცველზე განზრახ თავდასხმაში, წინააღმდეგობის გაწევაში, შეიარაღებულ შეკრებაში მონაწილეობასა და D კატეგორიის იარაღის ტარებაში.

ინციდენტის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსუბუქი დაზიანებები მიიღეს „ეროვნული გაერთიანების“ უსაფრთხოების სამსახურის ორმა თანამშრომელმა და რამდენიმე აქტივისტმაც.

პოლიციის ცნობით, მოგვიანებით, ყრილობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისთვის ოთხი პირი დააკავეს, ასევე დააკავეს ხუთი არასრულწლოვანი, რომლებსაც ბალაკლავები ეკეთათ და პარტიის შეკრებას აპროტესტებდნენ. ამჟამად ისინი გათავისუფლებული არიან.

მსგავსი