პარიზში, ადგილობრივ პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, 44 წლის ინგლისელ გულშემატკივარს უცნობმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და დაამატა, რომ ფრანგ სამართალდამცავებთან სისტემატიური კონტაქტი აქვს, ინტყობინება ბი-ბი-სი (BBC).
სკაი სპორტსი (Sky Sports) უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი ტაქსის მძღოლია.
როგორც ირკვევა, დაზარალებული სამ სხვა ადამიანთან ერთად მგზავრობდა სტადიონიდან ქალაქის ცენტრისკენ. გზაში ისინი მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებას ხმამაღალი შეძახილებით და სიმღერებით ზეიმობდნენ, რის გამოც ტაქსის მძღოლმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მანქანა გააჩერა და მგზავრებს გადასვლა მოსთხოვა, პარალელურად კი ერთ-ერთს დანით დაემუქრა. დაზარალებული შეეცადა ჩარეულიყო და სწორედ ამ დროს მიიღო ჭრილობა მკერდის არეში.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის შემდეგ (0-2), მანჩესტერ იუნაიტედმა პარიზში მატჩის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა და 3-1 გაიმარჯვა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა, პარიზული გუნდისთვის კი წელს ევროტურნირი დასრულდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკერდის არეში დაჭრილ გულშემატკივარს ოპერაცია ჩაუტარდა და პარიზის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მკურნალობს.