პარიზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის მიზანიც ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო
პარიზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის მიზანიც ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო

ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე – Le Diamant Bleu ​საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, იმყოფებოდნენ სტუმრები საფრანგეთიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

საღამოზე იმყოფებოდა საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ჰენრი მაჭავარიანი. განსაკუთრებული სტუმარი ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე.

საღამოს წარმდგენმა, ახალგაზრდა დიზაინერმა, ანანო გელოვანმა ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენება გამართა, იუველირ-დიზაინერმა მარინა ნაცვლიშვილმა კი ექსკლუზიური სამკაულების კოლექცია გამოფინა. ღონისძიებაზე საქართველოს შესახებ გაცნობითი ხასიათის ფილმი იყო ნაჩვენები. ვახშამზე სტუმრებმა დააგემოვნეს უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და სხვა კულინარიული ვარიაციები. ქართულ ტრადიციულ სუფრას თანამედროვე ევროპული ელფერი ფრანგული ბრენდის, „მსოფლიო კულინარიული გიდი გო’ე’მიოს“ ქართველმა მზარეულებმა შესძინეს, გურამ ბაღდოშვილის თაოსნობით.

საღამოს ორგანიზატორები საქველმოქმედო ფონდი „გზაჯვარედინი“ და „ივენთ ლუქსი“ იყვნენ. საღამოზე შესული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება. ფონდის მიზანი მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებაა.

დატოვე კომენტარი