პარიზში ბენქსის ნამუშევარი მოიპარეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გრაფიტის ინგლისელი მხატვრის ნამუშევარი პომპიდუს ცენტრთან, ერთ-ერთი საგზაო ნიშნის უკანა მხარეს იყო განთავსებული.
გრაფიტზე ვირთხა იყო გამოსახული, რომელსაც ხელში საკანცელარიო დანა ეჭირა, სახე კი შენიღბული ჰქონდა. ინგლისელმა ანონიმმა მხატვარმა ნამუშევარი 1968 წლის აჯანყების 50 წლისთავს მიუძღვნა, როდესაც ფრანგი სტუდენტებისა და პროფკავშირის წარმომადგენლების დემონსტრაციებმა მთელი პარიზი მოიცვა. ისინი შარლ დე გოლის მთავრობის დამხობას ითხოვდნენ.
გასულ წელს პომპიდუს ცენტრთან გრაფიტის პირველად გამოჩენის შემდეგ ინგლისელმა ხელოვანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განაცხადა, რომ ეს მისი ნამუშევარი იყო.
ნამუშევრის მოპარვასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამართალდამცველებმა გასულ წელს აღნიშნული ნახატის მოპარვის მცდელობის გამო ერთი ადამიანი უკვე დააკავეს. ამჟამად გამომძიებლები მიმდებარე ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მასალას სწავლობენ.
პომპიდუს ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი კოლექციის ნაწილი არ იყო, ამაყები ვიყავით, რომ მხატვარმა ნამუშევრის შესასრულებლად სწორედ ეს ადგილი აირჩია“, – აღნიშნულია პომპიდუს ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.
ბენქსის ნამუშევრები ხელოვანთა სამყაროში საკმაოდ ძვირად ფასობს. აუქციონზე ბოლოს მხატვრის გრაფიტი ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.