პარიზში აქციის მონაწილეებმა ლუვრის მუზეუმის შესასვლელი დაბლოკეს
პარიზში დემონსტრანტებმა ლუვრის მუზეუმის შესასვლელი დაბლოკეს.
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ლუვრის მუზეუმთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები ლუვრის სკოლის სტუდენტები არიან. მათ მუზეუმის შესასვლელთან გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმის დაბლოკვით ამაყობენ.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მოსწავლეებმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მასობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
თავდაპირველად მშვიდობიანი აქციები ზოგიერთ ქალაქში ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნიღბიანი ჯგუფები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს, შეიჭრნენ მუნიციპალურ და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში, დაარბიეს მაღაზიები და ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ შაბათ-კვირის არეულობის დროს პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში ვითარებაზე კონტროლი დაკარგა. მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნა ცგამოთქვა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი გადადგომა არ მიიღო.
არეულობის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო სამართალდამცავი სტრუქტურების თითქმის 1 000 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულები არიან დემონსტრანტებს შორისაც. ერთ-ერთმა მომიტინგემ პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად ხელი დაკარგა. იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, შაბათ-კვირას პოლიციის განყოფილებებში 2 330-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა 70 პროცენტი სრულწლოვანია. საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ალენ დი კრეშენცოს შეფასებით, არეულობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი მაღაზია დაზარალდა, ხოლო მიყენებული ზარალი ასობით მილიონ ევროს აღწევს.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების სისტემის მუშაობის გადახედვა მოითხოვა და აღიარა, რომ ხელისუფლების რეაგირებისას ხარვეზები გამოვლინდა. მაკრონმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული საპროტესტო შეკრებების აკრძალვის უფლება მიეცემა. თუმცა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა ან კომენდანტის საათი არ გამოუცხადებია. ამასთან, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ მომდევნო შაბათს ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.