პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს ერის მოედანზე, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე მომიტინგეებმა სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
პარალელურად, პარიზში, კონკორდის მოედანზე, „ყვითელი ჟილეტების“ საკოორდინაციო ჯგუფის მოწოდებით, საპროტესტო აქცია მჯდომარე ფორმით მიმდინარეობდა. აღნიშნული შეკრება პრეფექტურის მიერ ნებადართული არ ყოფილა და „ყვითელი ჟილეტების“ საკოორდინაციო კომიტეტის ორი წევრი დააკავეს.
მედიის ცნობით, პარიზის დემონსტრაციაში 75 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ქალაქ ლიონშიც, სადაც, ბოლო მონაცემებით, თერთმეტი ადამიანია დაკავებული.
ლილში აქციის ბოლოს ვითარება დაიძაბა, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
ფრანგული მედიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით აქციებში 250 ათასი ადამიანი მონაწილეობს.