წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათის ნაკრებები. კიდევ ერთი ნიუანსი: ერთ ჯგუფში (ყველა სამგუნდიანია), ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია, რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია.
წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).