პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის წილისყრა კალათბურთში #LIVE #1TVSPORT
შვეიცარიაში მიმდინარეობს წილისყრა, რომელმაც უნდა გამოავლინოს საქართველოს ნაკრების მეტოქეები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
წილისყრის წინ გუნდები 6 კალათაში განაწილდნენ:
1 კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი.
2 კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.
3 კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკელთა რესპუბლიკა, ფინეთი.
4 კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია, ლიბანი.
5 კალათა: კოტ დივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.
6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.
წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათის ნაკრებები. კიდევ ერთი ნიუანსი: ერთ ჯგუფში (ყველა სამგუნდიანია), ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია, რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია.
წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).