საქართველოს ნაკრებს პირველი და ერთადერთი ოქრო საფრანგეთიდან კაპიტანმა მოუტანა. ორი წლის წინ ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში დამარცხებისთვის, რევანში ვარლამ ლიპარტელიანმა წლის პირველ „დიდი მუზარადის“ ტურნირზე აიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა.
ეს ოქრო ვარლამ ლიპარტელიანისთვის პარიზის „გრანდ სლემზე“ კარიერაში მეშვიდე მედალი იყო. აქამდე მას ოქროს ორი, ვერცხლის ერთი და ბრინჯაოს სამი მედალი ჰქონდა.
ფინალამდე კიდევ ერთი რევანში მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის, სამხრეთ კორეელ გუამ ჩოსთან აიღო.
100 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა ნაცნობმა მეტოქეებმა თავიდან პასიურად დაიწყეს, რისთვისაც იაპონელი გააფრთხილეს კიდეც. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე კი ლიპარტელიანმა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ოქროს მედლის მომტანი ვაზა-არი აიღო. ეს ოქროს მედალი ქართველი ძიუდოისტისთვის პარიზის „გრანდ სლემებზე“ ამ წონაში პირველი იყო. მანამდე იგი ოქროს ორ მედალს 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაეუფლა.
ლიპარტელიანისთვის ფინალური დაპირისპირება, თანაგუნდელის დამარცხებისთვის კიდევ ერთი რევანშის საშუალებაც იყო. 1/16 ფინალში ასპარეზობას, ლაშა ტაველური სწორედ კაპიტნის მომავალმა მეტოქემ, იპონელმა აარონ ვოლფმა გამოთიშა.
რაც შეეხება დღეს მოასპარეზე დანარჩენ სამ ქართველს, ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ.) მერვედფინალში დამარცხდნენ, კობა მჭედლიშვილმა (81 კგ.) კი პირველივე რაუნდში წააგო.
საბოლოოდ, წლის პირველ „დიდი მუზარადის“ ტურნირზე, ნოდარ მეტრეველის გუნდმა ოთხი მედალი მოიპოვა. მწვრთნელისთვის სადებიუტო შეჯიბრზე, ვარლამ ლიპარტელიანის ოქროს მედლის გარდა, ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ ორ კვირაში 2019 წლის რიგით მეორე, დიუსელდორფის „გრანდ სლემი“ გაიმართება.