დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან.
გუშინ ნახევარფინალურ მატჩში ხაჩანოვის მეტოქე ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახლდათ, რომელიც რუსმა, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1.
ფინალში გასვლით ხაჩანოვმა ლაივ-რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის კარიერის რეკორდია. გუშინდელი მეორე ნახევარფინალი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა: ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელი ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6, 5:7, 7:6 დაამარცხა.
ჯოკოვიჩი ლაივ-რეიტინგში პირველ საფეხურზე იმყოფება. ოფიციალურად კი სერბი ორშაბათიდან ჩაუდგება სათავეში ATP-ის მსოფლიო რეიტინს, სადაც ის 2016 წლის შემდეგ პირველ ნომრად არ ყიფილა.
ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.