პარიზი 2024 | საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT
პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. მედლების საერთო ჩათვლაში შეერთებული შტატები პირველ ადგილზე გავიდა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქროს, 44 ვერცხლისა და 42 ბრინჯაოს მედალია. აშშ-ს ოდნავ ჩამორჩა ჩინეთი (40 ოქრო, 27 ვერცხლი, 24 ბრინჯაო).
ეს ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში უცვლელად ლიდერობს ოლიმპიურ თამაშებს და ეს არც არის გასაკვირი, თუ ამ სახელმწიფოების ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსებს გავითვალისწინებთ. შეერთებული შტატები, სადაც 333 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს წამყვანი ეკონიმიკაა. ჩინეთი პლანეტის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა გახლავთ, მოსახლეობის რაოდენობა კი 1 400 მილიონს აღემატება.
პარიზი 2024-ის დასრულების შემდეგ მსოფლიო მედია ოლმპიადის განსხვავებულ სტატისტიკაზე წერს – რაც ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობას გულისხმობს. ამ რეიტინგს კი სულ სხვა ქვეყნები ლიდერობენ.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.
ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლები რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ათი ქვეყანა „ევროსპორტის“ მიხედვით (პარიზი 2024):
დომინიკა – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (67,000)
სენტ-ლუსია – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (184,000)
ახალი ზელანდია – ოქროს მედალი (10), მოსახლეობა (5,338,000)
ბაჰრეინი – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (1,701,575)
სლოვენია – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (2,123,000)
ნიდერლანდები – ოქროს მედალი (15), მოსახლეობა (17,977,000)
საქართველო – ოქროს მედალი (3), მოსახლეობა (3,694,600)
ირლანდია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,281,600)
ნორვეგია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,562,363)
ავსტრალია – ოქროს მედალი (18), მოსახლეობა (27,364,621)
საინტერესოა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით შეერთებული შტატები 34-ე პოზიციაზეა, ჩინეთი – 51-ზე.