პარიზი 2024 | ლაშა ბექაურმა ფინალში იაპონელი მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ბექაურის განვლილი გზა ფინალამდე – ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და ტურნირის მეორე რაუნდში ბულაგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სამხრეთ კორეელ ჰანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.